ბიბლიური გადმოცემის თანახმად, ღმერთმა ადამიანი თიხისაგან შექმნა და შემთხვევითი არაა, რომ თიხისაგან დამზადებული ქვევრიც, ქართველისათვის განსაკუთრებულად ძვირფასი ჭურჭელია. მარანი, საუკუნეების მანძილზე ითვლებოდა წმინდა ადგილად და რეპრესიების პერიოდში არაერთი რელიგიური რიტუალი შეუფარებია მის დალოცვილ კედლებს.
საქართველოში 8000 წლის წინ აღმოჩენილ, უძველეს ქვევრზე ზემოთაც გიამბეთ, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ თავდაპირველად, ის, მიწის ზედაპირზე იყო განთავსებული, ჟამთასვლასთან ერთად კი ქართველებმა ქვევრების ვაზივით მიწაში დარგვა დავიწყეთ, როგორც რაღაც ძალიან ძვირფასის და მოსაფრთხილებლის. ამ ყველაფერს კი სიმბოლურთან ერთად, პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდა, რადგან , მიწაში დარგული ქვევრი ისეთი მიკროსამყაროა, სადაც თავისთავად მიმდინარეობს ღვინის დასაყენებლად საჭირო ქიმიური პროცესები, რაც ქარხნულ წარმოებაში დანადგარების დახმარებით ხორციელდება. ამასთან, ქვევრი ბუნებრივი თერმორეგულატორია და ზამთარ-ზაფხულ ინარჩუნებს ღვინის დუღილისათვის საჭირო, 13-15 გრადუსიან ტემპერატურას.
მის შემცველობაში შემავალი კირი კი ანტისეპტიკია და ღვინოს 400-მდე ბაქტერიისგან იცავს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ქვევრის კონუსისებრი ფორმაც, რის გამოც, წიპწა, კლერტი და ჭაჭა ქვემოთ იძირება და ღვინო არ განიცდის მათ უარყოფით გავლენას, _ პირიქით, სწორედ ამ გზით მიიღება ტანინებით მდიდარი, არომატული და ხარისხიანი წვენი.
საქართველოში მექვევრეობა შთამომავლობით გარდამავალი პროფესია იყო, მექვევრე კი ხელოვან ადამიანად, „ღვინის სახლის სკულპტორად“ ითვლებოდა. ქართველები ქვევრს განა ვამზადებდით, არამედ , სახლივით ვაშენებდით , _ საკუთარი ხელით, მოთმინებითა და სიფრთხილით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენთვის, ქვევრი „ცეცხლზე გამოწრთობილი ღვინის სახლია“.
ქვევრის მნიშვნელობა ქართულ ენაშიც იოლად ამოიკითხება, ჯერ მარტო სიტყვა „ქვევრის“ 12-მდე სინონიმი გვაქვს და სწორედ ქვევრის თავის დახურვის, თავის „მობმის“ ვერშემძლე ადამიანის აღსანიშნავად გაჩნდა თავის დროზე სიტყვა.
„თავმოუბმელი“, რომელიც დღესაც აქტიურად იხმარება მოუხერხებელი, მოუწესრიგებელი ადამიანის აღსანიშნავად.
ქვევრის ტრადიციის საუკუნეების მანძილზე მოვლა-პატრონობა და შენარჩუნება „იუნესკომაც“ დაგვიფასა და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციულ მეთოდს, 2013 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ხოლო 2021 წლის მაისში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, ქვევრის გეოგრაფიული აღნიშვნაც დაარეგისტრირა, _ ამრიგად, „ქვევრი“ პირველი არასასურსათო პროდუქტია, რომელიც გეოგრაფიული აღნიშვნების სახელმწიფო რეესტრს დაემატა.
ქვევრი იყო და არის ადამიანის თვინიერი მეგობარი, ქვევრის თავი კი მეღვინის სულის ანარეკლი, _ „რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს“.
ამიტომაც ეძახდა ილია კარგ ღვინოს „მართალ“ ღვინოს.
მართალ ღვინოს მხოლოდ მართალი ადამიანები წურავენ.